Thursday, June 9, 2011
პლუტონი
930-დან 2006 წლამდე ითვლებოდა, რომ მზის სისტემა შედგებოდა 9 პლანეტისგან. თუმცა, 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (შემოკლებით IAU - შემდგომში ასე მოვიხსენიებ), მსოფლიოს ასტრონომთა ყველაზე დიდმა და ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოლო ცთომილი - პლუტონი - ამიერიდან აღარ ჩაითვალოს პლანეტად. ის გადაიყვანეს მცირე (ჯუჯა) პლანეტების კატეგორიაში. ასე რომ, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. ბუნებრივია, IAU-ს ჰქონდა სერიოზული საფუძველი, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება.
პლუტონის აღმოჩენა
მე-19 საუკუნის მიწურულს, ურანისა და ნეპტუნის მოძრაობებზე დაკვირვებით, ამერიკელი ბიზნესმენი და ასტრონომი პერსივალ ლოველი მივიდა დასკვნამდე, რომ მათ მიღმა უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი ციური სხეული, დაახლოებით დედამიწის მასის. ლოველმა მას პირობითად „პლანეტა X” უწოდა და სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა. 1929 წელს ძიება განაგრძო მისმა თანამემამულემ კლაიდ ტომბომ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მითითებული ადგილის მახლობლად, ტომბომ მართლაც შენიშნა შორეული ვარსკვლავების მიმართ მოძრავი მნათი წერტილი. ასტრონომებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ლოველის მიერ ნაწინასწარმეტყველები „პლანეტა X” და მას, ტრადიციისამებრ, ანტიკური მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაების სახელი დაარქვეს.
თავდაპირველად პლუტონი დედამიწისხელა ეგონათ. დროთა განმავლობაში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მისი მასა გაცილებით მცირე იყო. 1978 წელს აღმოაჩინეს პლუტონის თანამგზავრი ქარონი. მისი არსებობა იწინასწარმეტყველა ქართველმა მეცნიერმა, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარმა როლან კილაძემ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა პლუტონს. ქარონი ასტრონომებს დაეხმარა, დაეზუსტებინათ პლუტონის მასა. ის აღმოჩნდა დედამიწის მასის მხოლოდ 0.2%. ასეთი მცირე მასის სხეულს კი არ შეეძლო ნეპტუნსა და ურანზე ისეთი ზემოქმედების მოხდენა, როგორსაც ლოველი ვარაუდობდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ პლანეტების მოძრაობაც არ იყო სწორად გაანგარიშებული. ეს იმას ნიშნავს, რომ „პლანეტა X” სინამდვილეში არ არსებობდა. ლოველი შეცდა, პლუტონი კი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს.
პლუტონისა და ქარონის მასები თანაზომადია, განსხვავებით სხვა პლანეტებისა და მათი თანამგზავრებისგან. ამიტომ ზოგიერთი თვლის, რომ ეს ორმაგი პლანეტური სისტემაა. მოგვიანებით პლუტონს აღმოაჩნდა კიდევ ორი მცირე ზომის თანამგზავრი - ნიქსი და ჰიდრა.
პლუტონის „პორტრეტი”
პლუტონიდან მზემდე 5.8 მილიარდი კილომეტრია, ესე იგი, ის 39-ჯერ უფრო შორსაა მზისგან, ვიდრე დედამიწა. პლუტონი ერთ წრეს მზის გარშემო 248 წელს ანდომებს. ასე რომ, აღმოჩენიდან დღემდე მას თავისი ორბიტის მეოთხედიც არა აქვს გავლილი. პლუტონი მოძრაობს გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე, განსხვავებით პლანეტებისგან, რომელთა ორბიტები თითქმის წრიულია. ამ გაწელილობის გამო 20 წელი ის მზესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნეპტუნი. ასე იყო 1979-1999 წლებში.
პლუტონი ზომით და მასით მთვარეზე მცირეა. მისი დიამეტრი დაახლოებით 2300 კილომეტრია (დედამიწისაზე თითქმის ხუთჯერ ნაკლები). პლუტონი ერთ-ერთი ყველაზე ცივი ციური სხეულია მზის სისტემაში: მისი ზედაპირის ტემპერატურაა დაახლოებით -225°C. პლუტონი შედგება ძირითადად ქვისა და გაყინული მეთანისგან. აქვს ძალზე თხელი ატმოსფერო, რომელიც აზოტის, მეთანისა და ნახშირორჟანგისგან შედგება. ამიტომ საეჭვოა, იქ რაიმე სახის სიცოცხლე არსებობდეს.
პლუტონი იმდენად შორსაა და იმდენად მკრთალია, რომ მისი ზედაპირი ყველაზე მძლავრ ტელესკოპშიც კი ბუნდოვნად ჩანს. ჰაბლის ტელესკოპით კოსმოსიდან გადაღებულმა სურათებმა აჩვენა მხოლოდ რამდენიმე ღია და ბნელი არე. ღია არეები, სავარაუდოდ, შედგება მყარ მდგომარეობაში მყოფი აზოტისგან, ხოლო ბნელი - გაყინული მეთანისგან. ამჟამად პლუტონისკენ მიემართება NASA-ს თანამგზავრი New Horizon, რომელიც 2015 წელს მიაღწევს მას და პირველად გადაიღებს მისი ზედაპირის სურათს ახლოდან.
ახალი კლასიფიკაციის აუცილებლობა
დროთა განმავლობაში, ტელესკოპებისა და დაკვირვებითი ტექნიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით, სულ უფრო მეტი სიახლე ჩნდებოდა მზის სისტემაში. მის შორეულ რეგიონში აღმოაჩინეს პლუტონის მსგავსი კიდევ რამდენიმე ციური სხეული. მათ პლუტონოიდებს ეძახიან. ერთ-ერთი მათგანი - სახელად ირისი - მასით პლუტონზე დიდიც კია. მზის სისტემის იმ უბანს, რომელშიც პლუტონი იმყოფება, კოიპერის სარტყელი ჰქვია. ეს ცნება შემოიღეს 1990-იან წლებში. ამ რეგიონში ასტრონომები კიდევ მრავალი ცთომილის არსებობას ვარაუდობენ. ზოგიერთი შეფასებით, მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს უნდა აღწევდეს.
ამ აღმოჩენებმა ასტრონომები არჩევანის წინაშე დააყენა: ან ყველა ეს ტრანსნეპტუნური (ანუ ნეპტუნს მიღმა) სხეული პლანეტად უნდა გამოეცხადებინათ (ამ შემთხვევაში მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა), ან ცვლილება უნდა შეეტანათ ციური სხეულების კლასიფიკაციაში. IAU-ს წევრთა უმრავლესობამ უკანასკნელს დაუჭირა მხარი. შეიმუშავეს კლასიკური და ჯუჯა პლანეტების კრიტერიუმები, რომლის მიხედვით პლუტონი ჯუჯების ნუსხაში აღმოჩნდა.
ვნებათა ღელვა პლუტონის სტატუსის შეცვლის გამო
საინტერესოა, რომ IAU-ს გადაწყვეტილებამ, მოეხსნა პლუტონისთვის პლანეტის სტატუსი, დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ამერიკელები აპროტესტებდნენ კლაიდ ტომბოს დამსახურების ერთგვარ დაკნინებას: ერთია, როცა შენი თანამემამულე დიდი პლანეტის აღმომჩენია, მეორე - ჯუჯა სხეულის. იყვნენ კმაყოფილებიც, რომელთათვისაც რვა პლანეტის სახელწოდების დამახსოვრება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ცხრის და რომ IAU-მ თავიდან აგვაცილა შემდგომში ასობით სახელის გაზეპირების აუცილებლობა. პლუტონის ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეცნიერებაში არაფერია უცვლელი, არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ჭეშმარიტება. მეცნიერული წარმოდგენები იცვლება დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების შედეგად მიღებული ახალი ფაქტებისა და თეორიების შესაბამისად.
წარმოგიდგენთ ვიდეოს,სადაც გვიხსნიან რატომ არ არი პლუტონი პლანეტა,სამწუხაროდ ქართულ ენაზე ვერ ვნახე,და რუსულ ენაზე დავდე :
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment